English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ იოსებ არჩვაძე
საინტერესო ნაშრომი აქტუალურ თემაზე

მსოფლიოსთვის გრიგალივით თავს დამტყდარმა COVID19-ის პანდემიამ, რომელმაც გლობალურ მოთხოვნასა და მიწოდებაში, ლოგისტიკაში, დასაქმების მასშტაბებში ტექტონიკური ძვრები გამოიწვია, სერიოზული ცვლილებები შეიტანა ინდივიდთა და ადამიანთა კოლექტივების, სოციალური ჯგუფების ქცევასა და ურთიერთდამოკიდებულებაში, ბოლომდე არცაა დაძლეული. აღნიშნული პროცესი, ისევე როგორც მისი თეორიული გააზრება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება, ჯერაც საშური საქმეა. ამ ფონზე ერთ-ერთ საინტერესო გამონაკლისს წარმოადგენს ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორების ნიკო ჩიხლაძისა და მირზა ხიდაშელის, აგრეთვე ნაშრომის მომზადების პროცესში ჯერ კიდევ დოქტორანტის, ამჟამად კი ეკონომიკის აკადემიური დოქტორის, გოჩა უგულავას ზემოხსენებული ერთობლივი მონოგრაფია.
დასახელებული ნაშრომი, რომელიც წარმოადგენს ქუთაისის უნივერსიტეტის შიდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის კონკურსით გათვალისწინებული კვლევის - „საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების კვლევა COVID19-ის პირობებში“, ძირითად ნაწილს, რამდენიმე ასპექტითაა საინტერესო და საყურადღებო.
ჯერ ერთი, ის ეკონომიკური საზოგადოებისათვის (და არა მარტო) კარგად ცნობილ პირთა ერთობლივი მეცნიერული შრომის, ნააზრევის ნაყოფია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ავტორების ბიოგრაფია არ შემოიფარგლება „წმინდა“ სამეცნიერო საქმიანობით - სამივეს გააჩნია საჯარო სამსახურში მუშაობის საკმაო გამოცდილება, რომლის დროსაც სისტემატურად უხდებოდათ თეორიული პოსტულატების პრაქტიკაზე მორგებისა და ეფექტიანობის განსაზღვრა-შეფასება;
მეორეც, ნაშრომი პრობლემის „ცხელ კვალზეა“ დაწერილი და ბევრი ასპექტით შეიცავს პასუხს საზოგადოებაში წარმოქმნილ კითხვებზე როგორც უშუალოდ COVID-19-თან დაკავშირებულ რისკებსა და გამოწვევებზე, ასევე ზოგადად, ეკონომიკის ფუნქციონირებისა და მართვის აქტუალურ საკითხებზე; მესამე, საკითხი განხილება გამჭოლ - ვერტიკალური ფორმატით, როდესაც პრობლემებზე მსჯელობა ზოგადი ასპექტიდან ორგანულად გადადის

    ნიკო ჩიხლაძე, მირზა ხიდაშელი და გოჩა უგულავა - მონოგრაფია „საქართველოს ეკონომიკური განვითარება COVID19-ის პირობებში (მაკროეკონომიკური და რეგიონული ასპექტები“). რედაქტორი: პროფესორი გოჩა თუთბერიძე.   ქუთაისის უნივერსიტეტი, 2021 წ. – 128 გვ. 

კონკრეტულზე - საქართველოსა და მის რეგიონებზე. ავტორთა წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ როდესაც გლობალური მასშტაბით კოვიდ-19-ის გავრცელების პირველ ეტაპზე დიდწილად პრევალირებდა ზოგადი დაბნეულობა, ნების პარალიზება და გადადგმული ნაბიჯების არათანმიმდევრული, იმპულსური თუ მცდარი ხასიათი, მათ ოპერატიულად, უმოკლეს ვადებში მოახერხეს საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების კვლევა პანდემიის გავლენის კონტექსტით, მიღებული შედეგების ანალიზი, სისტემატიზაცია და პუბლიკაცია. თანაც, არსებული მდგომარეობის წარმოჩენის პარალელურად, შეიმუშავეს დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის გაძლიერების, რეგიონული განვითარების ოპტიმალური რეგულირების თაობაზე. ამ მხრივ მონოგრაფია სცილდება კოვიდ-19-ის პრობლემატიკას და მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური მართვის ცენტრალიზაციისა და დეცენტრალიზაციის საკითხებს, რაც კიდევ უფრო ზრდის ნაშრომის შემეცნებით და გამოყენებით ღირებულებას.
ავტორები განიხილავენ კოვიდით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინაპირობებსა და ისტორიულ კონტექსტს, წარმოაჩენენ განსხვავებას წინა, 2008 წლის გლობალურ ფინანსურ კრიზისთან და იზიარებენ მოსაზრებას, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ეკონომისტებსა და პოლიტიკოსებს არ აღმოაჩნდათ რაიმე ეფექტიანი ინსტრუმენტი მის დასაძლევად. ისინი არც იმაზე ხუჭავენ თვალს, რომ პანდემიამ გააღვივა მანამდე თითქოს ერთგვარად მინავლებული გლობალიზაციის საწინააღმდეგო პროცესები, ხოლო თანამედროვე მსოფლიო უფრო ნაკლებად სტაბილური და უფრო მეტად უთანასწორო და არამდგრადი გახდა.
ამასთანავე, ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კოვიდთან დაკავშირებული კრიზისი იმავდროულად წარმოაჩენს პრობლემის გააზრებისა და დაძლევის, ფუნქციონირების ახალი პარადიგმის ფორმირების შესაძლებლობასაც; მიაჩნიათ, რომ მის დაძლევაში მხოლოდ ცენტრალიზებული ქმედება, ხელისუფლების პოლიტიკა არაა საკმარისი - მისი შედეგების შემსუბუქებისა და დაძლევისათვის აუცილებელია ქვეყნის ტერიტორიული ერთეულების როლის გაძლიერება, აგრეთვე, საერთაშორისო გამოცდილების გააზრება და ეფექტიანად გამოყენება.
ნაშრომი იწერებოდა პანდემიის საწყის ეტაპზე და შესაბამისად, იმ დროს არ არსებობდა სრულფასოვანი ინფორმაცია მისი მასშტაბებისა და სიღრმის თაობაზე. ამიტომ, განსაკუთრებით ფასეულია ამჟამინდელი გადასახედიდან დადასტურებული ავტორთა იმდროინდელი მოსაზრებები და შეფასებები: პანდემიის გამო ეკონომიკური ზრდა გლობალური მასშტაბით 2019 წლის 3.5%-იდან 2020 წლისთვის დაეცა 4.9 %-მდე, იმ ქვეყნების რაოდენობა კი, რომელთაც 2020 წელს დაქვეითება ჰქონდათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 163-ს მიაღწია (196-დან), - ნაცვლად წინა წლის 25-ისა. ამ ფონზე, არ შეიძლება არ დაეთანხმო ავტორთა მოსაზრებას, რომ დაბალი ეკონომიკური უსაფრთხოების დონის ქვეყნები მაღალი მოწყვლადობის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. (გვ. 11). სწორედ ასეთთა რიგს მიეკუთვნება საქართველო, სადაც ვარდნის მასშტაბებმა 2020 წელს, წინა წელთან შედარებით (6.8%), შესაბამის გლობალურ მაჩვენებელს 1.4-ჯერ „გადააჭარბა“. ამასთან, კოვიდ-19-მა სერიოზული კორექტივები შეიტანა საინვესტიციო აქტივობაშიც, გამოიწვია რა მისი განახევრება.
მიყენებული ზარალის კომპენსაციისათვის, კრიზისიდან გამოსვლის გზების თაობაზე ავტორები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ დაზარალებული დარგების მხარდაჭერას და ადაპტირებას გლობალური ეკონომიკის ცვლილებებთან. საინტერესო და დამაფიქრებელია მათი ინფორმაცია კოვიდით გამოწვეულ ეკონომიკის დანაკარგებზე, აგრეთვე იმის თაობაზე, თუ რა მასშტაბებს მიაღწევდა საქართველოს ეკონომიკა კოვიდის წინა პერიოდში ეკონომიკური ზრდის ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში (გვ. 19). ხაზგასმულია ისიც, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების დახმარების გარეშე, ზარალის მასშტაბები კიდევ უფრო დიდი, ხოლო ეკონომიკის ზარალი გაცილებით მცირე იქნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების და ეროვნული ბანკის უფრო მიზანმიმართული, დროული და ეფექტიანი ქმედებების შემთხვევაში (გვ. 23-25).
ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა ფისკალური დეცენტრალიზაციისადმი თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს. ხაზგასმულია რა დეცენტრალიზაციის პოზიტიური ასპექტები, ავტორები იმავდროულად აღნიშნავენ, რომ „სრულად დეცენტრალიზებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს სოციალური კეთილდღეობის მაქსიმიზაციას“ (გვ. 39). კოვიდ-პანდემია განხილულია, როგორც დეცენტრალიზაციისა და საბიუჯეტო გამოწვევების ტესტი. რეგიონული პოლიტიკის ინსტიტუციონალური პრობლემის საფუძვლად მიჩნეულია სახელმწიფოსა და რეგიონების ერთობლივი კომპეტენციებისა და ამ დონეთა უფლებამოსილების კონსტიტუციური ჩანაწერის არარსებობა. ავტორების დასკვნით „შეუძლებელი ხდება რეგიონების სტატუსის ერთიანი აქტით დადგენა, რაც სახელმწიფო-ტერიტორიული მოწყობის უნიტარულ მოდელს პრაქტიკულად გამორიცხავს“ (გვ. 51).
კონკრეტული ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში გადასახადებზე, კორელაცია ფაქტობრივად მობილიზებული სახსრების მოცულობასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შორის, დამაჯერებლად აჩვენებს აღნიშნული კორელაციის სუსტ ხასიათს, რის საფუძველზე გამოხატულია სკეფსისი დღგ-ის გათანაბრებითი ტრანსფერტის ჩანაცვლების ეფექტიანობაზე. (გვ. 56-57).
საინტერესო და მაღალ აკადემიურ დონეზე წარმოდგენილი მონოგრაფია აფართოებს სადისკუსიო სივრცესაც. მაგალითად, მიმაჩნია, რომ მეტისმეტად კატეგორიულია ფრაზა: „ლოქდაუნის პირობებში, ფისკალური და მონეტარული სტიმულები პოლიტიკის განხორციელების სტანდარტულ ინსტრუმენტებად იქცნენ. განვითარებადი ქვეყნები იყენებენ ორივე ინსტრუმენტს, თუმცა არასრულად კონვერტირებადი ვალუტების მქონე ეკონომიკებისათვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ფისკალური სტიმულები“ (გვ. 9). აღნიშნული პასაჟი, ვფიქრობ, ქმნის საკმაოდ საინტერესო სადისკუსიო პლატფორმას.
ნაშრომი წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამხმარე სახელმძღვანელოდ საუნივერსიტეტო დისციპლინების - „საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა“, „ეკონომიკური პოლიტიკა“, „საჯარო ფინანსები“, „რეგიონული ეკონომიკა“ და სხვ. სწავლებაში.
დარწმუნებული ვარ, სამი ავტორის მიერ ერთობლივად მომზადებული მონოგრაფია მყარად დაიმკვიდრებს ადგილს იმათ სამუშაო მაგიდაზე, ვისთვისაც სამეცნიერო და შემეცნებითი ინტერესის საგანს საქართველოს ეკონომიკა, მისი განვითარების პერსპექტივები და ამ პროცესზე მოქმედი ფაქტორები წარმოადგენს.